იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად და კანდიდატთა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კენჭისყრას გამართავს. საბჭო 139 კანდიდატს შორის არჩევანს გააკეთებს და დღეს გაირკვევა, ვინ მოხვდება 50 კაციან სიაში.
კენჭისყრა ფარული იქნება, შემდეგ კი შერჩეულ 50 კანდიდატთან, საბჭოს ღია სხდომაზე მოხდება გასაუბრება.
გასაუბრების დასრულების შემდეგ კი კანონის მოხედვით, კანდიდატებს იუსტიციის საბჭოს წევრები კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებენ.
ისევ ფარული კენჭისყრით მოხდება 50 კაციანი სიიდან 20 კანდიდატის შერჩევა უშუალოდ პარლამენტისადმი ნომინირების მიზნით.
დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, თუ ვინ შეასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა შერჩევის პროცესში, რადგან საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მოქაუტაძე თავად არის უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში.
სავარაუდოდ სწორედ ამ მიზეზით, მის მოვალეობას დროებით საბჭოს სხვა წევრი შეასრულებს. გადაწყვეტილებას საბჭოს წევრები კენჭისყრით მიიღებენ.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საბჭო,ზოგიერთი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის თაობაზეც იმსჯელებს. საუბარია ქუთაისის საქალაქო, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის შესახებ საკითხის ინიცირებაზე.
ასევე საბჭო კონკურსის გარეშე მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებასა და კენჭისყრას გამართავს.
დღესვე გასაუბრება და კენჭისყრა გაიმართება სამი წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეებთანაც.
საბჭოს დღის წესრიგით „იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საკითხიც არის გათვალისწინებული. დღეს გაირკვევა, როდის ჩატარდება იუსტიციის სკოლაში მსენელთა მისაღები კონკურსი.
ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს შორის არის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებში კოლეგიების განსაზღვრაც.
საბჭოს სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.