იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის შვიდ მსურველს გაესაუბრა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის მსურველ შვიდ კანდიდატს გაესაუბრა.
კანდიდატებს შორის იყვნენ როგორც გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.
გასაუბრების პროცესს აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე. მისი გაცხადებით, გასაუბრება მშვიდ და საქმიან ვითარებაში წარიმართა.
„დღეს გავესაუბრეთ შვიდ კანდიდატს. გასაუბრება მშვიდ და საქმიან ვითარებაში წარიმართა. ყველა შემთხვევაში გახსნეს გასაუბრების პროცესი კანდიდატებმა. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა დასწრების საშუალება. კანდიდატების მიმართ კითხვები არის მრავალფეროვანი, არის პროფესიულიც, მათ შორის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე და ა.შ“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ როდის განაახლებს საბჭო გასაუბრებებს, მიქაუტაძის თქმით, პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე ან მომავალ კვირაში გაგრძელდება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე გაიარა 35-მა კანდიდატმა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.