იუსტიციის საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილსა და მოსამართლე ირაკლი შავაძეს შეხვდება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილსა და მოსამართლე ირაკლი შავაძეს შეხვდება. აღნიშნული საკითხი დღეს საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დააყენა.
ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭომ აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს.
„მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შავაძე საუბრობს მისი როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობაში სავარაუდო ჩარევის შესახებ. ამაზე საპასუხო განცხადება გააკეთა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა.
დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ განცხადება, რომელიც გაავრცელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფმა. ვფიქრობ, რომ საბჭომ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს, როგორც მინიმუმ საბჭო უნდა გაესაუბროს იმ მოსამართლეს, რომელიც ასეთ განცხადებას ავრცელებს და ასევე თავმჯდომარესაც“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეხვედრა შედგება, თუმცა შეხვედრის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.
მოსამართლე დავით შავაძე მის უვადოდ გამწესებაზე საბჭოს მხრიდან უარის თქმის საფუძვლად ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის გავლენებს ასახელებს.
მოსამართლე ამბობს, რომ დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს.