იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და საძიებო სისტემის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და საძიებო სისტემის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
ვებგვერდის მისამართი www.ecd.court.ge არის, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებებს. პირველ ეტაპზე ვებგვერდზე ატვირთულია 2019 წლის სასამართლო გადაწყვეტილებები, ეტაპობრივად კი პორტალს წინა წლების გადაწყვეტილებები დაემატება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ გახსნეს.
„დღეს გაიმართა სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საძიებო სისტემის ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელზეც გამოქვეყნდება სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მომხმარებელს საშუალება ექნება ძალიან იოლად და კომფორტულად მოძებნოს მისთვის სასურველ თემაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ზოგადად გაზრდის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას, ხელმისაწვდომობას და არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო მეგობრებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაამარტივებს სასამართლოს, მომხმარებლის და ზოგადად დაინტერესებული პირისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებას სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.