იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.
საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი შენგელიასა და ირაკლი ბონდარენკოს უფლებამოსილების ვადა 24 ივნისს ეწურებათ. მოსამართლეთა კონფერენცია აქციის ფონზე ტარდება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მისთვის გასაკვირია, რითაა გამოწვეული აღნიშნული პროცესის მიმართ ვნებათაღელვა.
„მინდა, მარტივად განვმარტო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ფუნქციონირებას. იუსტიციის საბჭოდან გადის რვა წევრი, რაც ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის საბჭო ხდება ქმედუუნარო. შესაბამისად, ეს არ არის ჩვენი უფლება, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავირჩიოთ საბჭოს წევრები, რომლებიც ქმედუნარიანს გახდიან საბჭოს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ, რომელიც ასევე გამოეხმაურა განცხადებებს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის საარჩევნო რეფორმის განხორციელებამდე გადადებასთან დაკავშირებით.
„ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, თქვენ იცით, რა პროცედურებს გადის კონსტიტუციური კანონი, შესაბამისად, არათუ ერთ თვეში, არამედ სამ, ოთხ, ხუთ თვეში ფაქტობრივად შეუძლებელია, კანონპროექტის თუნდაც ინიცირება მოხდეს და კანონის ფორმა შეიძინოს. ეს არის სრულიად გამორიცხული, მე ამის შესახებ განმარტება მივეცი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. იმედია, მათ ეს გაიაზრეს და სხვა სახით, სხვა კუთხით უყურებენ ამ საკითხს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მათი თანადგომით ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა პროცედურას“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
გარდა ამისა, ნინო ქადაგიძის თქმით, სასამართლოში რაიმე სახის გავლენებს სრულად გამორიცხავს.
„უკვე ცოტა მერიდება ამ კლანზე საუბარი. ალბათ სჯობს, უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდეთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს სასამართლო, რომელიც იქნება ყველა გავლენისგან თავისუფალი. მე სრულად გამოვრიცხავ რაიმე სახის გავლენებს სასამართლოში. არჩევის გადადება გამოიწვევს იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო შეწყვეტს ფუნქციონირებას“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეები დღეს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მთელი წლების გამოცდილებამ პირდაპირ გვიჩვენა, რომ მოსამართლეები არ იღებენ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პარალიზებას, სასამართლო სისტემა ისედაც პარალიზებულია, გაჭიანურებული საქმეების პრობლემა ძალიან მასშტაბურია, არ ტარდება დისციპლინური სხდომები და საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არარჩევა ქვეყანას ნამდვილად არ დააქცევს. ქვეყანას დააქცევს ის, თუ აირჩევიან ჩინჩალაძის, მურუსიძის წარმომადგენლები. რასაც დღეს ვუყურებ, არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე სახის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატებად დასახელდნენ: ბადრი შონია, თემურ გოგოხია, გოჩა აბუსერიძე და ლევან მიქაბერიძე.