იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა თითოეულ კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს; ამის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კითხვებს დასვამენ, რომელიც შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის უნდა იყოს.
საბჭომ 50-კაციანი სიიდან პირველი ხუთეული ანბანის პრინციპით შეარჩია. ეს კანდიდატები არიან: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი.
იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე სხდომის დაწყების დროს, ინიციატივით გამოვიდა, რომ გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცეს საქართველოს პირველი არხის მეშვეობით. საკითხზე საბჭოს წევრთა უმრავლესობას მსგავსი მოსაზრება ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პირველი არხი უკვე გადასცემდა გასაუბრების ონლაინსტრიმს ვებგვერდზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
საბჭოს წევრების კითხვებს პირველი ზურაბ აზნაურაშვილი პასუხობს.
თავდაპირველად სხდომის თავმჯდომარემ აქ მყოფ პირებს კანდიდატის ბიოგრაფია გააცნო, სადაც ასევე ხაზგასმული იყო, რომ ზურაბ აზნაურაშვილი არის საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის მაზლი. საკითხს რამდენიმე დამატებითი კომენტარი მოჰყვა, უნდა დააყენოს თუ არა საბჭოს წევრმა ინტერესთა შეუთავსებლობის გამო თვითაცილების საკითხი.
თამარ ონიანმა განმარტა, რომ მასსა და ზურაბ აზნაურაშვილს შორის ნათესაური კავშირი აღარ არსებობს და მისი მხრიდან კანონის დარღვევა მხოლოდ და მხოლოდ ის იქნებოდა, თუ ის პროცესს კანონის გვერდის ავლით ჩამოშორდებოდა.