იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე მსჯელობენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე მსჯელობენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ინიციატივაზე მსჯელობენ, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ეხება.

ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ თავმჯდომარის დანიშვნა არ უნდა ხდებოდეს იუსტიციის საბჭოს მიერ, არამედ თანამდებობაზე პირი მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

ანა დოლიძე საკუთარ ინიციატივაზე საუბრისას აქცენტს თავმჯდომარის უფლება-მოსილების ვადების შემცირებაზეც აკეთებს. მისი მოსაზრებით, თავმჯდომარე ნაცვლად ხუთ წლისა, თანამდებობაზე სამი წლით უნდა აირჩიონ.

„სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მხრიდან არ უნდა ითვლებოდეს პრივილეგიად, წახალისებად, შექებად. ამიტომ თავმჯდომარე უნდა აირჩიონ თავად მოსამართლეებმა, ისიც შემთხვევითად, წილისყრით, არა ხუთი წლით, არამედ – სამი წლით. ეს გამოიწვევს იმას, რომ დასრულდება პროცესი, როდესაც თავმჯდომარე იყო უფროსი, დირექტორი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის ინიციატივას მხარს უჭირეს უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერული ფუნქციები გადანაწილდება, თავმჯდომარეს უფლება-მოსილების განხორციელება არ გაუჭირდება.

„მიმაჩნია, რომ მენეჯერული თვისებები მეტ-ნაკლებად ყველა მოსამართლეს აქვს. მთავარია, ჩვენ არ აღვიქვათ თავმჯდომარე ისე, როგორც დირექტორი, სასამართლოს მთავარი მენეჯერი და სხვა. სასამართლოს თავმჯდომარე არის პირი, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს და არ არის ხელმძღვანელი კონკრეტული მოსამართლეების”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საბჭოს წევრთა უმრავლესობა  აღნიშნული ინიციატივის შინაარსს არ იზიარებს.