იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, ვატო შაქარიშვილი მივიდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი მივიდა.
როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, ვატო შაქარიშვილს სურს, გასაუბრების პროცესს დაესწროს და კანდიდატს კითხვა დაუსვას. ანა დოლიძის ამ ინიციატივას, საბჭოს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
სხდომის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ გასაუბრების დარბაზში ადგილები უკვე განსაზღვრულია მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რის გამოც ვერ მოხერხდება სხვა პირის შემოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება აქვს, თუმცა კითხვის დასმა არ შეუძლია. მისივე თქმით, შაქარიშვილს აქვს საშუალება, რომ გასაუბრების პროცესს თვალყური საბჭოში განთავსებული მონიტორის მეშვეობით მიადევნოს.
საბჭოს არამოსამართლე წევრ ირმა გელაშვილის მოსაზრებით, მოქალაქეს შეუძლია საკუთარი კითხვა საბჭოს რომელიმე წევრის საშუალებით დასვას.
თავად გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ის კითხვებს არ გაურბის და მზად არის უპასუხოს.
საბოლოოდ, საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შაქარიშვილი არ ესწრება გასაუბრების პროცესს და ის საბჭოს მოსაცდელ დარბაზში იმყოფება.