იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმედოვნებენ, რომ საბჭოს მუშაობაში ანა დოლიძე პოლიტიკური ელფერის შეტანას არ შეეცდება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმედოვნებს, რომ ანა დოლიძე არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს, არ შეეცდება პოლიტიკური ელემენტების შეტანას და იმოქმედებს, როგორც სასამართლოს ნაწილი.
ამის შესახებ გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად ანა დოლიძის შესაძლო დასახელების შესახებ კომენტარისას განაცხადა.
დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ანა დოლიძე მოქმედებს როგორც პოლიტიკოსი, თუმცა მისივე განმარტებით, მსგავსი გამოვლენის შემთხვევაში, საბჭო შეეცდება სათანადო ქმედებით პასუხს.
„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ ვის მოავლენს საბჭოს წევრად. ზოგადად, საბჭოს წევრი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი რეპუტაციისა და პრინციპული. საბჭოს წევრმა თავი უნდა იგრძნოს, როგორც სასამართლო სისტემის წევრმა და იმოქმედოს, როგორც სასამართლო სისტემის ნაწილმა. რაც შეეხება ანა დოლიძის ბოლოდროინდელ საქმიანობას, ბოლო პერიოდში ძირითადად მოქმედებს როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი გვაქვს, საბჭოს ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს, არ შეეცდება პოლიტიკური ელემენტების შემოტანას და იმოქმედებს როგორც სასამართლოს ნაწილი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მისი განმარტებით, საბჭო ყველანაირად შეეცდება, იყოს კონსტრუქციული გარემო.
დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭო მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან ისევ და ისევ სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე.
„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება და მოინდომებს პოლიტიკური ელფერის შემოტანას, შევეცდებით ადეკვატური პასუხი გავცეთ“, – განაცხადა დიმიტრი გვირიტიშვილმა.
რაც შეეხება ანა დოლიძის დახასიათებას, დიმიტრი გვიტიშვილის შეფასებით, ის არის კომპეტენტური ადამიანი.
„ჩემთვის ცნობილია, რომ ქალბატონი ანა მოღვაწეობდა არასამთავრობო სექტორში. იგი იყო საია-ს თავმჯდომარე, მოღვაწეობდა საზღვარგარეთ, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ამიტომ, მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს“, – განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა დღეს უნდა დაასახელოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვის დაასახელებს აღნიშნულ კანდიდატურაზე გიორგი მარგველაშვილი. ახალი კანდიდატი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას წარადგენს.