იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გაესაუბრებიან
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.
საბჭოს წევრები დღეს ორ კანდიდატს მოუსმენენ. გასაუბრება გაიმართება იურისტ ნინო ხარიტონაშვილთან და მოსამართლე თამარ ოქროპირიძესთან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის თქმით, დღევანდელ საჯარო მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ ზოგადი და სამართლებრივი ხასიათის კითხვები იქნება დასმული.
კითხვაზე, რამდენად იქნება კონკურსში უპირატეს მდგომარეობაში იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი უპირატესობა დიმიტრი გვრიტიშვილს არ მიენიჭება.
„ამაში ყველა დაინტერესებული პირი დარწმუნდება, თუ თვალყურს მიადევნებს გასაუბრების პროცესს. ასევე, შეფასებებიც იქნება ღია. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ასევე, დასაბუთებები უნდა წარმოადგინონ წევრებმა, უნდა დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს რისკები, ვფიქრობ, არ არსებობს“, – აღნიშნა მარსაგიშვილმა.
პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან და ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ბოიკოტის გარეშე ჩატარდება აღნიშნული პროცედურები.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო მოსამართლეებით. პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ რა ვადებში ჩაატარებენ. ჩვენც ვართ საზოგადოების ნაწილი, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ასეთი პროცესების არსებობის გამო ყველას ექმნება დისკომფორტი, მათ შორის ჩვენ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული, რაც არაერთხელ დავასაბუთეთ პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის შესახებ“, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მოსამართლე მზია თოდუას უფლებამოსილების ვადა იანვარში ამოეწურა.