იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგის მიხედვით, 13 საკითხს განიხილავენ. საკითხებს შორის ერთ-ერთი პირველი ეუთოს/ოდირის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიშის“ განხილვას ითვალისწინებს. ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ხარვეზებზეა საუბარი.
განსახილველ საკითხებს შორის არის ასევე, გადაწყვეტილების პროექტი რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ მსჯელობას ითვალისწინებს.
იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ეწურება, საბჭო სავარაუდოდ დღეს, აღნიშნულ ვაკანსიაზე, კანდიდატის შესარჩევად კონკურსის თარიღს გამოაცხადებს და მსურველთა განაცხადების მიღებას დაიწყებს.
დღესვე საბჭო პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზეც იმსჯელებს.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.