იუსტიციის სამინისტროში ლევან იოსელიანს მიმდინარე რეფორმები გააცნეს
იუსტიციის სამინისტროში ლევან იოსელიანს მიმდინარე რეფორმები გააცნეს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მან საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის პროცესში.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია ლევან იოსელიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს. აღინიშნა, რომ სამინისტრო თანამშრომლების ინტერესებზე ორიენტირებული უწყებაა და მუდმივად ზრუნავს მათი პირობების გაუმჯობესებაზე.

იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.