იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია.
საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელის საფუძველზე, სტოკჰოლმის სასამართლომ ქართულ მხარეს 80,5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
„სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.