იუსტიციის სამინისტროს უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, დაფინანსება ეზრდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო დაფინანსება 10 მლნ ლარით ეზრდება.
დაფინანსების გაზრდა გათვალისწინებულია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება 191.1 მლნ ლარით განისაზღვრება.
„თანხის გამოყოფა ხორციელდება საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შესყიდვის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად“, – განმარტავს მთავრობა.