პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი განხილვა უწყებათაშორის ფორმატში იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა. პროცესის ფარგლებში მოხდება სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაცია; გადაისინჯება როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. შედეგად, მოხდება სრულიად ახალი პატიმრობის კოდექსის პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება.
საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი და ცვლილებების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს − კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს – აგრეთვე, მომდევნო ფაზაში, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებს სამინისტრო შესაბამის სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურ მონაწილეობას სთავაზობს. განსაზღვრულ ვადებში მოხდება მოსაზრებებისა და წინადადებების გაცვლა, ინტენსიურ რეჟიმში გაიმართება სამუშაო შეხვედრები.
სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება და პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნის რეალიზებისთვის უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები − დაფუძნდა სამართლებრივი სამეცნიერო ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის მეორე ნომერი უკვე მზადაა გამოსაცემად; იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობისათვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, ჯამში, 14 პროექტი დაფინანსდა; უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, შესაბამისი მემორანდუმები უკვე არაერთ უნივერსიტეტთან გაფორმდა.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.