იუსტიციის სამინისტრომ გვარის შეცვლის წესის გასამკაცრებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა
იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში გვარის შეცვლის წესს მნიშვნელოვნად გაამკაცრებს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გვარის საკუთარი სურვილით შეცვლა ისედაც აკრძალულია, თუმცა, შესაძლებელია მოქალაქემ ოჯახის წევრების, წინაპრების გვარი მიიღოს.
“იუსტიციის სამინისტროში დავასრულეთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე,რომელიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს საქართველოში გვარის შეცვლის საკითხს. მთავრობის და პარლამენტის მიერ ეს პროექტი გაზიარებული იქნება. გვარის საკუთარი ნება-სურვილით შეცვლა ისედაც აკრძალულია, მაგრამ შესაძლებელია, ადამიანმა მიიღოს მეუღლის, დედის, ბებიის ან წინაპრის გვარი. არ არის შეზღუდული რაოდენობა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი ამის გაკეთება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ გვარის შეცვლის წესი გასამკაცრებელია, ვინაიდან ამით არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები სარგებლობენ.
„ვფიქრობთ, ეს წესი არის გასამკაცრებელი. სხვადასხვა საელჩოებიდან და საკონსულოებიდან ჩვენი კონსულები გვწერენ, რომ საქართველოს არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები ამით სარგებლობენ – როდესაც ერთი გვარით ჩაიდენენ შენგენის სივრცეში დანაშაულს, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, მიიღებენ მეუღლის, ან ბებიის გვარს და შემდეგ ამ გვარის პასპორტით შედიან ისევ შენგენის ზონაში. ჩვენ ამას აღვკვეთთ სწორედ ამ წესების გამკაცრებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა