იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგში საქართველოდან საჩივრების რაოდენობამ იკლო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველოდან წარდგენილი საჩივრების კლების მკვეთრი ტენდენციაა. ამის შესახებ პირველ არხს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განუცხადა.
„ბოლო წლებში შეიმჩნევა, საქართველოდან წარდგენილი საჩივრების კლების მკვეთრი ტენდენცია. მაგალითისთვის თუ 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 400-მდე საჩივარი შედიოდა 2015 წელს შევიდა მხოლოდ 80 და 2016 წელს 74 საჩივარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული საჩივრების რაოდენობა. ეს მკაფიო ინდიკაციაა იმის, რომ მოსახლეობას აქვს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და სჯერა, რომ უფლების დაცვა ქვეყნის შიგნით არის შესაძლებელი.“
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე 82 საქმეზე გაფორმდა მორიგება სახელმწიფოსა და მომჩივანს შორის, ხოლო 39 საქმეზე ცალმხრივი დეკლარაციით დასრულდა საქმის წარმოება.
საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან და ევროკონვენციასთან მიერთებიდან 2016 წლის ჩათვლით ევროსასამართლოში 68 საქმიდან 52 წააგო.
კითხვაზე, რა ზარალი მიადგა საქართველოს ბიუჯეტს სტრასბურგში წაგებული საქმეების დროს დაკისრებული კომპენსაციების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს თანხა 2 მილიონ ევრომდე ადის.
„რაც შეეხება გადახდილი თანხების რაოდენობას, ზუსტი რიცხვის თქმა რთული იქნება რამდენადაც ერთიანად არ არის აღრიცხული, თუმცა დაახლოებით შეიძლება ითქვას მთელი ის პერიოდი, რაც ევროსაბჭოს წევრია საქართველოს 2 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა ჯამში დარღვეული უფლებების კომპენსირებისთვის.“ – აცხადებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი.