იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეში ჩართვაზე ორი ორგანიზაციის თხოვნა დააკმაყოფილა, ექვსს კი, უარი უთხრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „რუსთავი 2“-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) მათივე თხოვნის საფუძველზე ჩართო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საია-ს მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოფარგლა მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებზეც პოზიციის დაფიქსირება თავად ითხოვეს. კერძოდ, ომბუდსმენი და საია პოზიციას არც ერთი მხარის სახელით არ წარადგენენ. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში პოზიციას წარადგენს საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია − სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს და მოსამართლეზე საქმის განაწილების კუთხით საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოდან მიიღებს ომბუდსმენისა და საია-ს პოზიციას, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო მეგობრის (მესამე მხარის) მიერ წარდგენილ საკითხებზე.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ ვადებში − 28 მარტს წარუდგინა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მეგობრის სტატუსით (მესამე მხარე) ჩართვის მოთხოვნით მიმართეს სხვა ორგანიზაციებმაც საქართველოდან, თუმცა, მათ სასამართლომ უარი უთხრა და მხოლოდ სახალხო დამცველისა და საია-ს თხოვნა დააკმაყოფილა. საქმეში ჩართვაზე უარი ეთქვათ შემდეგ ორგანიზაციებს: ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პრეროგატივაა.