იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა
იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად არის დაცული“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ამასთან, ძამაშვილის თქმით, ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ და პენიტენციურ სისტემაში მის მოპყრობასთან, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ეს ინფორმაცია თავის დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად გადაეგზავნა ევროპულ სასამართლოს და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, ის ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ინფორმაციით და მასალებით და მეორე მხრივ, მომჩივნის ინფორმაციით და მასალებით.

ჩვენ ევროპულმა სასამართლომ მოგვთხოვა ინფორმაცია მკურნალობაზე და უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, თავის მხრივ, მომჩივანმა რა სახის ინფორმაცია მიაწოდა ეს მომჩივნის შესაძლებლობა იყო და მათ ჰქონდათ საშუალება, ევროპულ სასამართლოში წარედგინათ ნებისმიერი დოკუმენტაცია თუ მტკიცებულება“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც აღნიშნულია:

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2022 წლის 10 თებერვლის ერთი მოსამართლისგან შემდგარ სხდომაზე, კონვენციის 24-2-სა და 27-ე მუხლების შესაბამისად განიხილა განცხადება წარმოდგენილი სახით.

განცხადება კონვენციის მე-3 მუხლს ეხება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ შესრულებულია კონვენციის 37-1 მუხლით დადგენილი პირობები საჩივრის ამოღებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ არ არის აღმოჩენილი განსაკუთრებული გარემოებები ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით, როგორც ეს კონვენციითა და ოქმებითაა განსაზღვრული, რომელიც საჩივრის განხილვის გაგრძელებას მოითხოვს.

სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის საქმეების სიიდან ამოღებაზე.“