იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 10 მილიონ ლარს მიიღებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 10 მილიონ ლარს მიიღებს. შესაბამის განკარგულებას 15 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, თანხები სხვადასხვა მიზნობრიობით დაიხარჯება. საუბარია, მაგალითად, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, ასევე მათი დაკავების საქმეების წარმოებაზე.
თანხის ნაწილს სამინისტრო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმოებაზე დახარჯავს. მაგალითად, საუბარია მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების წარმოებაზე.
იუსტიციის სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ დოლარს (დაახლოებით 8 მილიონი ლარი), 625 400 ევროს (დაახლოებით 1.9 მილიონი ლარი) და 59 ათას გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 204 ათასი ლარი) მიიღებს.
2019 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 60 მილიონი ლარია.