საქართველოს მთავრობამ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული ახალი კანონი ბიზნესკლიმატის გასაუმჯობესებლად შემუშავდა და ის მიზნად ისახავს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა საკორპორაციო ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებასა და, სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, ამ სფეროში გამჭვირვალობის ზრდას. ასევე, კანონპროექტის მიზანია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება.
„პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდგომ ახალი კანონი, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეების შემოტანასთან ერთად, მკაფიოდ დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ცნობით, კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ საკორპორაციო ურთიერთობები, ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის კი, იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნას აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს – სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მეორე მხრივ კი, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.
„კერძოდ, კანონპროექტის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კრიტერიუმების დადგენა, რომელთა მიხედვითაც, განისაზღვრება კანონპროექტის იმპერატიული და დისპოზიციური (არასავალდებულო, არაიმპერატიული) ნორმები. მაგალითად, სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში, მხოლოდ ის ნორმაა დისპოზიციური, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აქციონერების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის სხვაგვარი რეგულაციის შეთანხმების შესაძლებლობაზე. სხვა სამეწარმეო საზოგადოებების შემთხვევაში, დისპოზიციურია ყველა ნორმა, გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვნად გააადვილებს პრაქტიკაში იმ ნორმების იდენტიფიცირებასა და შინაარსის ერთგვაროვნად გაგებას, რომლისგან განსხვავებულად რეგულირებაც წესდებით თუ პარტნიორთა შორის სხვაგვარი შეთანხმებით არის შესაძლებელი.
კანონპროექტის მე-2 თავი ეხება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნებას და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციას – ამავე თავში, ისევე, როგორც კანონპროექტის სხვა ნაწილებში, ასახულია ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები. კანონპროექტის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთიანი დოკუმენტის – „სადამფუძნებლო შეთანხმების“ წარდგენა. სადამფუძნებლო შეთანხმება თავის თავში მოიცავს საზოგადოების წესდებას და კანონით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. ამ თვალსაზრისით, კანონპროექტი შემდეგ მიდგომას ემყარება: წესდება უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილებას არ უნდა იწვევდეს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ცალკეული ფაქტის ცვლილება.
კანონპროექტს შემოაქვს სტანდარტული წესდების ინსტიტუტი, როგორც შაბლონური, არაინდივიდუალიზებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და რომელიც, პარტნიორების სურვილისამებრ, შეიძლება, შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებაზე გავრცელდეს. სტანდარტულ წესდებას საზოგადოებების ფორმების მიხედვით დაამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. კანონპროექტი ადგენს სამეწარმეო საზოგადოების წესდების, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილის, მინიმალურ შინაარსს და შემოიფარგლება სამი მონაცემით: სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული მინიმალური რეგულაციების მიღმა პარტნიორები თავისუფალნი არიან წესდების შინაარსის განსაზღვრაში. სტანდარტული წესდების ინსტიტუტი ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანულ პრაქტიკას ემყარება და ის მიზნად ისახავს სადამფუძნებლო ხარჯების შემცირებას; სამეწარმეო საზოგადოებისათვის სამართლებრივად გამართული და დაბალანსებული წესდების შეთავაზებას და იმ შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მოწესრიგებას, რომლებიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. ეს კიდევ მეტად გაამარტივებს რეგისტრაციის პროცედურას.
კანონპროექტით, მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება წარდგენილი დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმალური სისწორის და არა მატერიალური სისწორის შემოწმება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნება. ელექტრონული პორტალის მეშვეობით მოხდება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება; სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასზე კანონით დაკისრებული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება; მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის სივრცის მეშვეობით მეწარმესთან ოფიციალური გზით კომუნიკაცია და მისთვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისის მიწოდება.
კანონპროექტში მოცემულია საფირმო სახელწოდების შერჩევისა და გამოყენების პრინციპი. კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამო დღეისათვის არსებულ სამეწარმეო საზოგადოებებს აქვთ იდენტური საფირმო სახელწოდება. კანონპროექტი აზუსტებს, რომ საფირმო სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებას. თუმცა, სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში დამატებითი სირთულეების თავიდან ასაცილებლად ეს დანაწესი ამოქმედდება მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რეგისტრირებულ საზოგადოებებსა და ინდმეწარმეებზე, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებებსა და ინდმეწარმეებზე ეს ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი შეიცვლიან საფირმო სახელწოდებას.
კანონპროექტის თანახმად, ფილიალი შეიძლება ჰქონდეთ არა მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოებებს, არამედ ინდივიდუალურ მეწარმეებსაც. ამასთან, კანონპროექტი უშვებს საქართველოში არა მხოლოდ საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის რეგისტრაციას, არამედ უცხო ქვეყნის ინდმეწარმის ფილიალის რეგისტრაციასაც.
კანონპროექტი აწესებს იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც საქმიან წერილზე და საზოგადოების ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს დატანილი.
კანონპროექტი ადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების წესს და ითვალისწინებს, რომ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან, ან მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან მე-15 დღეს.
გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს ყველა ფორმის სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან – პარტნიორთა კრებასთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, ხელმძღვანელ ორგანოებთან – დაკავშირებულ ზოგად წესებს. განსხვავებით ამჟამად არსებული კანონისგან, კანონი დეტალურად და მკაფიოდ აწესრიგებს შიდა საკორპორაციო ურთიერთობებს, რაც კარგი შესაძლებლობაა მეწარმეებისთვის, რათა თავიდან აირიდონ ნაკლებად რეგულირების პირობებში ხშირი დავები და შეუთანხმებლობები, რაც უარყოფითად აისახებოდა სამეწარმეო სუბიექტების სტაბილურობაზე.
პარტნიორთა კრების კომპეტენციის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი დისპოზიციურად ადგენს, რომ კრება გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც კანონით პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება.
კანონპროექტი კვორუმთან დაკავშირებით, ასევე, დისპოზიციური წესის სახით ადგენს, რომ პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მასზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე პარტნიორების ან წარმოდგენილი კაპიტალის ოდენობის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონით პარტნიორთა კრება მხოლოდ განმეორებით მოწვევის შემთხვევაშია გადაწყვეტილებაუნარიანი, მიუხედავად კრებაში მონაწილეთა ოდენობისა.
ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნის ჩვეულებრივ წესთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს პარტნიორის განცხადების საფუძველზე ხელმძღვანელის დანიშვნას სასამართლოს მიერ, თუკი საზოგადოების პარტნიორებს შორის არსებული გამოუვალი სიტუაციის ან სხვა გარემოების გამო თავად პარტნიორები ვერ ნიშნავენ ხელმძღვანელი ორგანოს წევრს. კომპანიების შიდა ურთიერთობებში იქმნებოდა ჩიხური მდგომარეობები; ახალი კანონის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევებში იქნება გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ მსგავსი ჩიხური მდგომარეობები სასამართლოს მეშვეობით სწრაფად გადაწყდეს, რათა არ შეფერხდეს მეწარმის ქმედითუნარიანობა.
სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები და სხვა საკითხები დეტალურად მოწესრიგებულია კანონპროექტის „სააქციო საზოგადოების“ თავში.
კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის საკითხებს.
კანონპროექტი აწესრიგებს ინდმეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესს და გამოყოფს არსებობის შეწყვეტის სამ სტადიას: საზოგადოების დაშლა, როგორც არსებობის შეწყვეტის ინიცირების სტადია; საზოგადოების ლიკვიდაცია, როგორც აქტივების რეალიზაციის, ვალდებულებების დაფარვისა და დარჩენილი ქონების პარტნიორთა შორის გადანაწილების სტადია; რეგისტრაციის გაუქმება, როგორც საზოგადოების მიერ არსებობის შეწყვეტის საბოლოო სტადია.
კანონპროექტით რეგულირდება ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვრება პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები და ვადები. კანონპროექტი შეცილების ერთწლიან ვადასთან ერთად ადგენს, რომ ასეთი ვადა არ მოქმედებს, თუ მოხდა გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვა.
კანონპროექტით შენარჩუნებულია იურიდიული პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორად მონაწილეობის უფლება.
კანონპროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს შპს-ში კაპიტალის მოზიდვის გამარტივება. შპს-ს შესაძლებლობა აქვს, გამოუშვას როგორც ნომინალური ღირებულების, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები. ამრიგად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გახდება გაცილებით მოქნილი და მის ხელთ იქნება კიდევ მეტი კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტების დიდი სიმრავლე, რაც დამატებითი სტიმული იქნება მეწარმე სუბიექტებისთვის შემდგომი განვითარებისთვის.
კანონპროექტი აწესრიგებს სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კაპიტალის დაყოფა აქციებად და აქციონერებსა და საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა. კანონპროექტის სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, ამ თავით წარმოდგენილი ნორმები იმპერატიული ბუნებისაა – სააქციო საზოგადოების წესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, შეიცავდეს კანონისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, თუ ეს პირდაპირ არის დაშვებული კანონით.
კანონპროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ სამართლებრივ ფორმას კოოპერატივი წარმოადგენს. კოოპერატივის, როგორც ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმის საზოგადოების, განმარტებაში შემოტანილია სიახლე, რაც მის სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებზე ხაზგასმით გამოიხატება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს – კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში (რომელიც მოგვიანებით, 2016 წლის აგვისტოში, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოდ გარდაიქმნა) შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ „USAID“-ის პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) – და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით დაიწყო. კანონპროექტის პირველადი ვერსია სამუშაო ჯგუფის წევრი ექსპერტების მიერ მომზადდა, ხოლო შემდგომი სრულყოფის მიზნით ის იუსტიციის სამინისტროს წარედგინა.
„მომდევნო ეტაპზე აქტიურმა საკანონმდებლო პროცესმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა და ინტენსიური მუშაობა გაგრძელდა კანონპროექტის ავტორების, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით. შეხვედრების ფარგლებში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, კანონპროექტის თავდაპირველმა რედაქციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. საკანონმდებლო პაკეტში სრულად აისახა ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებიც.
მოგვიანებით შეფასდა კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენაც, რომლის შედეგებიც იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის ნოემბერში წარედგინა. ანგარიშში განხილულ მოქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის არაერთგზის ხაზგასმულია შერჩეული ვარიანტის უპირატესობა სამეწარმეო სამართლის სფეროში მოქმედი წესებისა და შესაბამისი პრაქტიკის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2021 წლის პირველი იანვრიდან. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.