იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმის ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა მიიღოს მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში კლინიკა „ვივამედში“, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.