იუსტიციის სამინისტრო მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესისას ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებას პასუხობს
იუსტიციის სამინისტრო მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესისას, ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაოცებულები არიან კერესელიძის განცხადებით, რომ მცხეთის სასამართლოში ადვოკატებს არ აქვთ ინვენტარი, არ არის მაგიდები და კომპიუტერი.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ სასამართლოში მიმდინარე ყველა პროცესი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის საკითხები, შენობების მაგიდებითა და სკამებით აღჭურვა და კომპიუტერებით პროცესის მონაწილე მხარეების უზრუნველყოფა არ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში.
„21 აგვისტოს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესისას, ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში ადვოკატებს არ აქვთ ინვენტარი, არ არის მაგიდები და კომპიუტერი.
„ადვოკატებს არ გვაქვს ელემენტარული ინვენტარი, მაგიდები არ გვაქვს, არ გვაქვს დენის წყარო, რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით… არ გვაქვს მაგიდები და იმის საშუალებაც არ არის, რომ ელექტრონული ფორმით ჩანაწერით, ანუ კომპიუტერით, ვისარგებლოთ სასამართლოში. მივმართავთ იუსტიციის საბჭოს, იუსტიციის მინისტრს: ქალბატონო თეა, იქნება დაგვდოთ პატივი და მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყოთ ხუთი მაგიდა, რათა ადვოკატებს გვქონდეს საშუალება, სრულად განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები“, – განაცხადა მან.
იუსტიციის სამინისტრო ადვოკატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებით გაოცებულია. სამინისტრო დარწმუნებულია – ის ფაქტი, რომ სასამართლო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელ შტოს, განმარტებას არ საჭიროებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, არა თუ ადვოკატებისთვის. სასამართლოში მიმდინარე ყველა პროცესი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის საკითხები, შენობების მაგიდებითა და სკამებით აღჭურვა და კომპიუტერებით პროცესის მონაწილე მხარეების უზრუნველყოფა არ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში.
იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ როსტომ კერესელიძის განცხადების მიზანი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციის შესახებ“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.