იუსტიციის სამინისტრო - ევროკავშირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა
ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და 2019 წლის მაისიდან დღემდე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენები შეფასდა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს.
ევროკავშირმა დადებითად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული და 2015 წელს პარლამენტის მიერ მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაცია, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული ინოვაციური საკანონმდებლო ჩარჩოა.
ევროკავშირმა აღნიშნა ის პროგრესიც, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ყურადღება გაამახვილა სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე. როგორც ცნობილია, სტამბოლის კონვენციას საქართველოს სახელით 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში მოეწერა ხელი. მას შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ეგიდით წარიმართა მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი, რის შედეგადაც სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 25-მდე კანონში 2017 წელს ცვლილებები შევიდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით.
ევროკავშირი, ასევე, მიესალმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ „კოვიდ 19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით გასწია და შეიმუშავა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია. 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულმა სტრატეგიამ, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ადამიანის უფლებათა კონსტიტუციად მოიხსენიებენ, ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად შემოიტანა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მცდელობებს, გააგრძელოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება და პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერება.
ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ დიალოგში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას – ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სამმართველოს უფროსი რიჩარდ თიბელსი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი თამარ როსტიაშვილი.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის შემდეგი რაუნდი 2021 წელს თბილისში გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.