იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს
იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს, – ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.
„ამ მიზნით, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი კანონმდებლობის ვებგვერდზე განთავსებასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. საკანონმდებლო მაცნეს ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი.
სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას ქართულ ენასთან ერთად უფასოდ შეისწავლის.
მარნეულის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, „საკანონდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი და „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი ვახტანგ ჟვანია უძღვებოდნენ. მათ მოსახლეობისგან სხვა საჭიროებების თაობაზეც მიიღეს ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა პროექტსა და სერვისს მომავალშიც შესთავაზებს“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.