იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში” 2 თებერვალს გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ერაყში მყოფი საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პრობლემას ეხებოდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ „ამ დროს სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ არაფერს აკეთებს“.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაუკავშირდა სამინისტროს და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიიღო სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მასშტაბური ღონისძიებები ტარდება არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად.
„2018 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვების დედამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, უწყება არა მარტო იურიდიულ, არამედ მორალურ დახმარებას უწევს თეონა ტეფნაძეს, რათა მას დაეწყო სამართლებრივი ბრძოლა შვილების დასაბრუნებლად და, როგორც არაერთხელ ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ბრძოლა შუა გზაზე არ მიეტოვებინა. ამისათვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან არასრულწლოვნების დედასთან, აწვდიან მას ყველა ინფორმაციას და გამუდმებით არწმუნებენ პროცესის გაგრძელების აუცილებლობაში;
იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძეს ერაყში აუყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც ბაღდადში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე იცავენ მისი და ბავშვების ინტერესებს და სამართლებრივად იბრძვიან არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად. საქმეში ერაყელი ადვოკატების ჩართვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი იურისტები უკეთ იცნობენ ერაყის კანონმდებლობასა და მართლმსაჯულების სისტემას. ადვოკატების მომსახურების ხარჯებს სრულად ფარავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
სამართლებრივი დავის წარმოებისათვის იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძისა და მისი შვილების დოკუმენტაცია სრულიად უსასყიდლოდ დაამზადა (10-ზე მეტი დოკუმენტი), თარგმნა არაბულ ენაზე, ასევე უსასყიდლოდ მოახდინა მისი ლეგალიზაცია და ერაყში გაგზავნა“,- აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ერაყის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური საერთაშორისო კონვენციის – ბავშვთა გატაცების შესახებ ჰააგის კონვენციის ფარგლებში და მოითხოვა არასრულწლოვნების სამშობლოში დაბრუნება.
„იუსტიციის სამინისტრომ პროცესში ჩართო ერაყის საელჩო საქართველოში და საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ერაყის რესპუბლიკას;
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ბავშვების დაკავებას ერაყის რესპუბლიკაში მშობლების გარეშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდს ერაყში, რომელიც ასევე იცავს ეხმარება საქართველოს მხარის, თეონა ტეფნაძისა და მისი შვილების ინტერესებს ბაღდადში;
თეონა ტეფნაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა მას ფსიქოლოგის დახმარება სრულიად უსასყიდლოდ;
იუსტიციის სამინისტროს მჭიდრო კავშირი აქვს ერაყელ ადვოკატებთან და იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ამ დროისათვის, საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იურისტების თქმით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, რის შესახებაც ინფორმირებულია არასრულწლოვანთა დედა;
იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს თეონა ტეფნაძესთან როგორც ბავშვების მდგომარეობის, ისე სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ახდენს მის ინფორმირებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რათა მან არ დაკარგოს იმედი და არ შეწყვიტოს ბრძოლა შვილების დასაბრუნებლად. უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ეს კომუნიკაცია განსაკუთრებით ინტენსიურია“,- აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, გარდა ამ დეტალური ინფორმაციისა, დამატებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს და განუმარტა მას, რომ ერაყის რესპუბლიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი სამართლებრივი სისტემისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება არასრულწლოვანთა სამშობლოში დაბრუნებას და ამის შესახებ ინფორმირებულია თეონა ტეფნაძეც.
„ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ შეწყვეტს ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებს პროცესის წარმატებით დასასრულებლად.
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ისიც განუმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ერაყის რესპუბლიკაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქართველოში ბავშვების დაბრუნების მიზნით დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაჟღერებამ, შესაძლოა, დააზიანოს არასრულწლოვნებისა და მათი დედის ინტერესები. თუმცა, უკვე გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჟურნალისტის კითხვებს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა.
მიუხედავად ამისა, ჯერ გადაცემის ანონსში, შემდეგ კი სიუჟეტის ეთერში გასვლისას „შაბათის კურიერის“ წამყვანის მხრიდან ითქვა, რომ „სახელმწიფო არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს“, სამინისტროს წარმომადგენლის ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუს ნაცვლად კი „რუსთავი-2“-ის მაყურებელმა ნახა მოკლე კომენტარი, რომელიც ნაწილობრივადაც ვერ ასახავდა იმ ღონისძიებებს, რაც საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გატარდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტების შეგნებულად დამახინჯებას და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს ერაყიდან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების წარმატებული პრეცედენტი – 2018 წლის 13 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა წარმატებით დაასრულა ჰუმანიტარული მისია და საქართველოს სამი არასრულწლოვანი მოქალაქე – 6, 5 და 2 წლის ბავშვები ოჯახს დაუბრუნა“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.