იუსტიციის სამინისტრო - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის, უკვე მერვე წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 30-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციის ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ე.წ. „გაფართოების ქვეყნებს“ შორის, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ლუქსემბურგის გვერდითაა.
„ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულმა სახელმძღვანელო დოკუმენტებმა, რომლებიც მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესს ეხმარება;
- ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამ;
- დანაშაულის პრევენციის, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებმა;
- დანაშაულის გამოვლენისკენ მიმართულმა პროაქტიულმა ღონისძიებებმა;
- შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის მექანიზმების დახვეწამ.
საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.