იუსტიციის სამინისტრო - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიო მასშტაბით ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე, პირველ კალათაში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ისევ ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო მსოფლიოში იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ამ მონაცემით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს (ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი) და წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც პირველ კალათაში იკავებს ადგილს.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებს და, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადებითად შეფასდა:
• იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე გაწეული ძალისხმევა;
• ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები;
• დანაშაულის მსხვერპლთა გამოვლენა/იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული მექანიზმების ეფექტიანი მოქმედება;
• პანდემიის მიუხედავად, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის ღონისძიებებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა.
ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის თანახმადაც ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლს უფლება აქვს, მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია მიუხედავად მისი დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის არსებობა-არარსებობისა. დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც შრომითი ექსპლუატაციის, იძულებითი შრომისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი.
საქართველოს მოწინავე პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.