იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა
იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიო მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიო მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო, მიუხედავად „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიისა და სირთულეებისა, აგრძელებს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – 4-შკალიანი რეიტინგული სისტემით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს.

ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნების – ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის გვერდითაა.

საქართველო წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (EAP), რომელიც პირველ საფეხურზე იკავებს ადგილს.

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში დადებითად შეფასდა: იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიღება; ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით შექმნილი ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება; ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით, აგრეთვე, დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა გამოვლენისა და დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება.

აშშ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს ტრეფიკინგის თემაზე, რაც განკუთვნილია მიუსაფარ ბავშვთა იდენტიფიცირებაზე მომუშავე მობილური ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს არასრულწლოვნებში ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის გაძლიერებას. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ისიც, რომ სახელმწიფო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს – პირადობისა და დაბადების მოწმობებს.

აშშ დადებითად აფასებს, ასევე, შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნასა და შრომითი უფლებების, მათ შორის, ტრეფიკინგის გამოვლენის მიმართულებით სამსახურის უფლებამოსილებას გაზრდას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლესი ქულით შეფასებული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი  და მის  შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში აშშ-ის საელჩო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.