იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თბილისში, იუსტიციის სახლის წინ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ „ქართული მარშის“ ორგანიზებით აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა კარები შიგნიდან ჩაკეტეს.

აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, იუსტიციის სახლში რამდენიმე ადამიანი შეუშვან და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, ვიდრე კანონი ამოქმედდება.

„ქართული მარშის“ გარდა, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იუსტიციის სახლთან შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.