იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია „ერთობა დაამარცხებს რუსულ ოკუპაციას“ გაიმართა
იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია „ერთობა დაამარცხებს რუსულ ოკუპაციას“ გაიმართა

იუსტიციის სახლთან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია „ერთობა დაამარცხებს რუსულ ოკუპაციას“ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ამავე წარწერის ბანერი გადმოფინეს იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდიდან.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის ქმედებები და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არსებული პოლიტიკაც გააპროტესტეს.

როგორც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ, რათა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

„ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ეხება ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზის ყოველდღიურად გაზრდას, რომელიც ეხება ხელისუფლების სრულ უმოქმედობას რაიმე დაუპირისპიროს რუსულ აგრესიას, ჩვენ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ. ვაპირებთ ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დაბრუნდეს რუსული ჩექმა და რომ  ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგეს რამე სახის ზიანი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პერმანენტული აქციები გავმართოთ ხელოსუფლების წინააღმდეგ, რადგან ისინი იყვნენ მოქმედები და გონივრულად დაუპირისპირდნენ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს რუსული ოკუპაციის მხრიდან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში, როდესაც ასეთი გამოწვევები დგას, უნდა გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და გავერთიანდეთ ქვეყნის დასაცავად. ერთობა დაამარცხებს რუსულ ოკუპაციას“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.