იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისთვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სულ მალე ხელშეკრულების ფარგლებში იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება გახდება შესაძლებელი.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს ხუთი სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს დაფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებში იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ და განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა. საპენსიო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება.