იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ფაქტობრივად, ჩაბნელებული იყო, ამიტომ, რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალე ამ პრობლემის მოგვარება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და თანამედროვე ლედ-სანათები დამონტაჟდა. გარდა ამისა, საჰაერო ქსელები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. ტროტუარი მოწესრიგდა და განახლდა. აქამდე აქ ფეხით გავლაც შეუძლებელი იყო. იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ სივრცეში გზაგამყოფი გამწვანებული კუნძული მოეწყო და დაირგო ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.