იუსტიციის სახლებს დევნილი მოსახლეობისთვის განკუთვნილი რამდენიმე მომსახურება დაემატა
იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან, ასევე, სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები იუსტიციის სახლებში წარადგინონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის იუსტიციის სახლში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მსგავსი მომსახურების მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებს მხოლოდ სამ ქალაქში შეეძლოთ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დევნილები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში უნდა ჩასულიყვნენ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ერთეულებისათვის მხოლოდ ამ ქალაქებში მიემართათ, რაც მგზავრობის ფინანსურ ხარჯებსა და დროის დანაკარგთან იყო დაკავშირებული.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი, დევნილებს საქართველოს მასშტაბით ყველა იუსტიციის სახლში მოემსახურებიან. იძულებით გადაადგილებულ პირებს აღარ მოუწევთ სასურველი სერვისისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გამგზავრება. ისინი მომსახურებას მიიღებენ იუსტიციის სახლებში მთელი საქართველოს მასშტაბით: ზუგდიდში, მესტიაში, ახალციხეში, მარნეულში, ყვარელში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, გურჯაანში, ოზურგეთში, გორში, თბილისში, ფოთში, თიანეთში, ბორჯომში, ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ონში.
სერვისების მიწოდების სფეროში იუსტიციის სახლი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს − ეკომიგრანტები საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის თხოვნით განცხადებებს იუსტიციის სახლებში წარადგენენ.
იუსტიციის სახლების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს 400-მდე მომსახურება მიეწოდებათ. მათ შორისაა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორების სერვისები. იუსტიციის სახლში მომსახურების მიღება თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მინიმალურ დროშია შესაძლებელი.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, იუსტიციის სახლის სერვისების სფერო მუდმივად ფართოვდება.
„2013 წლიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელია my.gov.ge პორტალზე რეგისტრაცია; 2015 წლიდან უწყება გასცემს საიმიგრაციო ვიზებს, სამოგზაურო დაზღვევას, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს სერვისებს (ჯამში 20 სერვისი). 2016 წლიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელი გახდა შემოსავლების სამსახურის სერვისების მიღება (ჯამში 10 სერვისი), დაინერგა პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მათთვის დაბადების მოწმობასთან ერთად პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს. 2017 წლიდან იუსტიციის სახლებში დევნილთა საარსებო წყაროების შექმნისა და გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის პროექტი ამოქმედდა; დაინერგა ეკომიგრანტებისათვის განკუთვნილი 7 სერვისი, შესაძლებელი გახდა ნასამართლეობის ცნობის აღება; ამოქმედდა უძრავი ქონების სადაზღვევო მომსახურება. 2018 წლიდან იუსტიციის სახლი გასცემს საერთაშორისო სიმ-ბარათებს, ლიცენზიებს ტაქსის მძღოლებისათვის, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 31 სერვისს. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იუსტიციის სახლი მომხმარებელს ბიზნესის ავტომატიზაციის პროგრამებს შესთავაზებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.