იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრაზე არ გაიტანა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიცირებული საკითხი, რომლის მიხედვითაც, ის საბჭოს სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის მისვლას და ანგარიშის წარდგენას ეხებოდა.
ანა დოლიძის განცხადებით, საქმეთა განხილვის დაგვიანება და გადაწყვეტილებების გამოტანის დაგვიანება უკვე ჩვეულებრივ ტრადიცია გახდა სასამართლოებში.
მისი თქმით, კანონი ავალდებულებს სასამართლოს თავმჯდომარეებს წელიწადში ერთხელ მაინც სტატისტიკური მოხსენება წარუდგინონ იუსტიციის საბჭოს საქმეების მიმდინარეობის შესახებ.
„ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ადვოკატი წუხს იმაზე, რომ საქმეთა განხილვის დაგვიანება და გადაწყვეტილებების გამოტანის დაგვიანება უკვე ჩვეულებრივ ტრადიცია გახდა ჩვენს სასამართლოებში. ეს მეც შემეხო; მოგეხსენებათ, თითქმის ერთი წელია, ყველა ვადის დარღვევით სააპელაციო სასამართლოში არ ინიშნება ჩემი საქმის განხილვა დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ. კანონი ავალდებულებს სასამართლოს თავმჯდომარეებს წელიწადში ერთხელ მაინც სტატისტიკური მოხსენება წარმოუდგინონ იუსტიციის საბჭოს საქმეების მიმდინარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რამდენი საქმე არის შესული, რამდენზე გვიანდება განხილვა, რამდენზე – დროზე წარიმართება. მიხელ ჩინჩალაძე 2017 წლიდან არის სასამართლოს თავმჯდომარე და კანონის დარღვევით მას აქამდე ანგარიში საბჭოს მიმართ არც ერთხელ არ წარუდგენია. ვფიქრობ, დროა, ავამუშაოთ კანონის ეს მუხლი და მოვთხოვოთ, ბატონ ჩინჩალაძეს ისევე როგორ ყველა სხვა თავმჯდომარეს, შესაბამისი სტატისტიკური ანგარიში”, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, მიხეილ ჩინჩალაძის ანგარიშის წარდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, რადგან მას პროექტიც კი არ ახლავს.
„გასაგებია საკითხი საითკენაც არის მიმართული. ასევე გასაგებია, რატომ არის ამორჩეული მიხეილ ჩინჩალაძე და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასე რომ ყველაფერი ნათელია, აქ არავის აინტერესებს გამოგზავნილი ინფორმაცია, რომ არაფერი ვთქვათ მის შინაარსსა და პროცედურებზე. ეს არის საკითხი საკითხისთვის და იმისთვის, რომ პოლიტიკური საქმიანობის ჭრილში მეტი ყურადღება მიიქციოს ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა. ასე რომ, საკითხი ამოწურულია და კენჭისყრაზეც კი ვერ ვაყენებ, რადგან პროექტიც არ ახლავს თან”, – განაცხადა მიქაუტაძემ.