იუსტიციის საბჭო ვალდებული იქნება, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ განწესებაზე დასაბუთება გამოაქვეყნოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ დასაბუთება გამოაქვეყნოს.
შესაბამისი ცვლილებები სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა, რომლის ინიცირება 17 ივნისის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.
მოქმედი კანონით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ დასაბუთება არ ქვეყნდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეს დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერასა და შესაბამისი პირის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ დაგროვილ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე. პროექტით, დასაბუთებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ადგენს.
ამასთან, ცვლილებებით, სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი შესაბამისი პირის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ.