იუსტიციის საბჭო სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დაასახელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატს დღეს დაასახელებს.
პირველი არხისთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ საბჭო ამ პოსტზე საბჭოს მოქმედი წევრის, ლევან თევზაძის, მოსამართლე ვეფხია ლომიძისა და გოჩა ჯეირანაშვილის დასახელებას გეგმავს. არ არის გამორიცხული, საბჭომ აღნიშნული კანდიდატებიდან ერთ-ერთი დღესვე დაამტკიცოს.
აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 6 ნოემბერს პალატის თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ცნობილია, რომ ამ დრომდე ვალერი ცერცვაძეს უვადოდ გასამწესებლად საბჭოში განაცხადი არ შეუტანია.
ვიდრე ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტს ჩაიბარებდა, ის ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ცერცვაძემ აღნიშნული თანამდებობა 2017 მაისში, საკუთარი სურვილით დატოვა. მიზეზად მან ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან დავა და ამ დავის გარშემო მისი სახელისა და გვარის ხსენება დაასახელა. ვალერი ცერცვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ წერილიც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არ სურს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული კითხვები გაჩნდეს.
გარდა ამ საკითხისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილების საკითხზეც იმსჯელებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.