იუსტიციის მინისტრმა წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უახლოეს მომავალში შეეძლებათ.
ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი იმყოფებოდნენ.
იუსტიციის სახლის წყალტუბოს ფილიალის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეძლებს.
წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. იუსტიციის სახლის ფილიალები უკვე ფუნქციონირებს ქუთაისსა და ხონში.
წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 780 კვადრატული მეტრია. ტენდერი წყალტუბოს ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა.
წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი. მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, ქარელსა და გარდაბანში.
წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდება.
2013 წლიდან დღემდე, იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ.
ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. ამ დრომდე, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი ჯამში 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.