იუსტიციის მინისტრმა უწყების განვითარების ათწლიანი სამოქმედო გეგმა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას განაგრძობს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის შემდეგ, უწყების პრიორიტეტული მიმართულებები რატი ბრეგაძემ ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 10-წლიანი სამოქმედო გეგმის თითოეულ პუნქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ერთ- ერთ პროექტი “მობილური იუსტიციის სახლი“ კი უკვე ფუნქციონირებს და მოქალაქეებს ამ ინოვაციური სერვისით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.
იუსტიციის მინისტრის თმით, კიდევ ერთი პროექტი „პრობ ბოქსი“ საპილოტე რეჟიმში წლის ბოლოს ჩაეშვება. 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იგეგმება ონლაინ უნივერსიტეტის, პერსონალური ასისტენტის, „ჯასთ აპის“ და კიდევ არაერთი ახალი მომსახურების დანერგვა.
სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელადაც. მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოქმედი სამართლებრივი ნორმები თანამედროვე სტანდარტს სრულად მიესადაგოს.
ხელმისაწვდომი კანონმდებლობა იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის, დამხმარე პლატფორმებისა და აპლიკაციის დახვეწა/განახლება იმგვარად მოხდება, რომ ისინი სრულად ადაპტირებული იყოს შშმ პირთა საჭიროებებზე.
დაგეგმილია მედიატორის ინსტიტუტის ფართოდ დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.ამ მხრივ უკვე არსებობს ხელშესახები პრეცედენტები.
სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება მიწის ფონდის რეგისტრაცია. სამოქმედო გეგმის პერიოდში დარეგისტრირდება 1 000 000 ჰა-ზე მეტი მიწა და დამისამართდება 2 700-მდე სოფელი.
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც. 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს.