იუსტიციის მინისტრმა შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შშმ პირებისთვის ყველაზე ადაპტირებულ საჯარო დაწესებულებას საქართველოში, იუსტიციის სახლს გაერო-ს ოფისის ხელმძღვანელსა და შვედეთის ელჩთან ერთად ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც შშმ პირებისათვის სანოტარო სერვისების გამარტივებას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შშმ პირი შესაძლებლობის შეზღუდვის სახისა და ხარისხის მიხედვით და საამისოდ შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენას და დაიცავს მის კონფიდენციალობას.
„მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.
წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირისაგან განსხვავებით, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს მოაწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, თუ შშმ პირის გარდა სანოტარო მოქმედებაში, ასევე, მონაწილეობს მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირი, მათი ხელმოწერა ცალკე სანოტარო მოქმედებად არ განიხილება და საზღაურიც გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მიხეილ სარჯველაძემ ლუიზა ვინტონსა და ულრიკ თიდესტრომს პროექტის, „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ მიღწევები გააცნო, რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების უფრო ეფექტიანი მიწოდებაა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეები და სპეციალურად შშმ პირების მომსახურებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ელჩები ოპერატორებს გაესაუბრნენ, რომლებიც ჟესტების ენას დაეუფლნენ და მომსახურებას უწევენ იმ პირებს, ვისაც ასეთი სერვისი ესაჭიროება.
ღონისძიება იუსტიციის სახლში შშმ პირთა დღის აღსანიშნავად გაიმართა, რომელსაც მსოფლიო 3 დეკემბერს აღნიშნავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისათვის იუსტიციის სახლში მოწყობილი პოსტერების გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს ასახავს.
პროექტის, „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“ განხორციელება იუსტიციის სახლმა გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დაიწყო.
პროექტის ძირითად მიმართულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლმა შეიმუშავა სახელმძღვანელო და სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ.
ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური ტრენინგმოდულით უკვე გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის 300-მდე თანამშრომელი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადებას გაივლის იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 750 თანამშრომელი. შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი დაინერგება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ხოლო უკვე შემუშავებული ტრენინგმოდული გახდება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.