იუსტიციის მინისტრმა რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათში გახსნა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ ბაღდათში გახსნა.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე.
ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურასა და ვანში. საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების – დიმის, ვარციხის, ზეგნის, პირველი და მეორე ობჩის, ნერგეეთის, როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვათა – 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
„ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, კახიანის ქუჩაზე აშენდა. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით“ – აცხადებენ იუსტიციის სახლში.