იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ. კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება.
მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა.
„ციფრული უნივერსიტეტი“ პატიმრებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის;
დასაქმებული პატიმრები და მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქცია იყიდება;
ქართული ინოვაცია – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს.
ეს ის საკითხებია, რომლებზეც რატი ბრეგაძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა პენიტენციური კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
„სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ ყველაზე უკეთ გაიზომება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციით და პენიტენციური კოდექსი ქმნის ნამდვილად განსაკუთრებულ პირობებს, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს, აუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს, რომ აღასრულონ სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობაა.
„ჩვენ მივყვებით იმ ტრენდს, რასაც ჰქვია პენიტენციურ სისტემებში მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა. ლაითურის მცირე ზომის დაწესებულების გახსნიდან ერთი წლისთავზე ჩვენ გავხსნით მცირე ზომის მეორე დაწესებულებას რუსთავში, რომელიც გათვლილი იქნება, მაქსიმუმ, 200 მსჯავრდებულზე. პენიტენციურ სისტემაში მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები და თანამშრომლები, რის უზრუნველსაყოფადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდა ახალი სტრუქტურა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მომზადებას ემსახურება; შეიქმნა სააკაძის ახალი ბაზა; დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სასწავლო პროგრამები მორგებულია პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების საჭიროებებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაციის, „EUROPRIS“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გუსტავ ტალვინგმა.
„საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო მინისტრო, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-სა და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, – განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.
„3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან №16 პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც დაათვალიერებენ პატიმრებისთვის შექმნილ მცირე საწარმოებს; ესტუმრებიან სააკაძის სასწავლო ბაზას, სადაც მათთვის საჩვენებელი წვრთნები გაიმართება და გაეცნობიან იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე 2023 წელს ერთი წლის ვადით გახდა. EPTA 2010 წელს დაარსდა და მასში ევროპის 36 სასწავლო ცენტრია გაერთიანებული. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.