იუსტიციის მინისტრმა ომით დაზარალებულ ქალებს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების შესახებ ანგარიში ჩააბარა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ომში დაღუპულთა დედები და ის ქალები ესწრებოდნენ, რომელთაც შეიარაღებული კონფლიქტის მთელი სიმძიმის გადატანა მოუხდათ.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებს იძიებს, რათა გამოვლენილ და დასჯის იქნენ დამნაშავეები ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობაში.
ამასთან, მინისტრმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებაც ისაუბრეს, რომლის თაობაზეც დასკვნითი სხდომა სტრასბურგში 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის შემდეგ სასამართლოს 700-ზე მეტი მტკიცებულება წარუდგინა, რომლებიც ეთნიკური ქართველების წმენდის, წამების, საკუთრების განადგურებისა და სხვა უფლებების მასობრივ დარღვევებს ადასტურებს.
თეა წულუკიანმა და გოჩა ლორთქიფანიძემ ომით დაზარალებულ ქალებს, ადგილობრივ მცხოვრებთ განუმარტეს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ორი საერთაშორისო სასამართლოსგან, როგორია სამართლებრივი დავის პროცედურები, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების მოსაგებად.
შეხვედრაზე დამსწრე ქალთა ნაწილი აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური წიგნის − “sHEROes” − გმირები არიან.