იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ სამედიცინო დაწესებულება შესაბამისად აღჭურვილი არ არის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არცერთ ეტაპზე არ დარღვეულა და სამინისტრო გააგრძელებს პატიმრის უფლებების დაცვას.
შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა სასამართლო პროცესზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სამედიცინო დაწესებულება არ არის შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვილი.
„პროცესი სასამართლოში მიმდინარეობს და ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხზე. ამის დასტურია ის გარემოება, რომ 1 500-ზე მეტი მნახველი იყო. ყოველდღიურად შედიან მნახველები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა ის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ეს ადასტურებს, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი აქვს სისტემას დასამალი. საქართველოს მთავრობა დეტალურ ინფორმაციას აწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზციას, ევროსასამართლოს, თავის დროზე, როდესაც განხილვა იყო, გაერო-ს, ევროკავშირს, როდესაც ისინი ინტერესდებიან ამით“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.