იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. აღნიშნული გადაწყვეტილებაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტს თავდაპირველად ის დაიკავებს, ვისი არჩევაც ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით პირველად მოხდება. შემდეგი კანდიდატები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას სასამართლოში ადგილის გათავისუფლების შემდეგ შეასრულებენ.
„პირველი ვინც დადგება კენჭისყრაზე და ვისი არჩევაც მოხდება გვარების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით, ის დაიწყებს მოსამართლის ფუნქციის შესრულებას უზენაეს სასამართლოში. ვინაიდან ადგილი სექტემბერში თუ ოქტომბერში თავისუფლდება, ორი კანდიდატი, გვარების ანბანური თანმიმდევრობით, შემდგომ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.