იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონის პროექტს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, მისი ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კიდევ ერთ კანონპროექტს (საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“) რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს უნარჩუნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ფრიდონ ინჯიაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პოლიტიკურმა პარტიებმა შეხვედრა გამართეს, რის შედეგადაც შეჯერდა პოზიციები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის პირობებთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ორივე კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება ერთგვარი დაბალანსებული მდგომარეობა. არჩევნების სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქის პირადობის განუსაზღვრელი ვადით ან 20 წლის ვადით მოქმედი არაელექტრონული მოწმობები უმეტესწილად საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩანაცვლდება, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ პირადობის მოქმედი ე.წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.