იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარესა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომიტეტის თავმჯდომარესა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის.
დამოუკიდებელი დეპუტატები ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, შოთა გეწაძესთან გასაუბრების პროცესის მიმდინარეობისას „პატრიოტთა ალიანსისთვის“ განსაზღვრული დროით სარგებლობას მოითხოვდნენ, რაზეც ანრი ოხანაშვილმა უარი უთხრა.
ბექა ნაცვლიშვილისა და ეკა ბესელიას განცხადებით, არსებობდა შეთანხმება, რომ ეს დრო დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უნდა გამოეყენებინათ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დაარღვია.
ნაცვლიშვილის თქმით, 12:00 საათზე უნდა მისცემოდათ დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვების დასმის უფლება, თუმცა ასე არ მოხდა, ახლა კი შეხვედრაზე უნდა წავიდეს. ანრი ოხანაშვილმა მას და ბესელიას უთხრა, რომ დროს უახლოეს 20 წუთში მისცემდა და მოუწოდა, რომ კომიტეტის გრაფიკს მოერგონ, რის შემდეგაც ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს უთხრა, თავი გააკონტროლოს. ამ მოწოდებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ნაცვლიშვილმა სხდომა დატოვა.