იურიდიული კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებს
იურიდიული კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო განხილვები სრულდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. სხდომაზე დეპუტატები კანონპროექტში რედაქციულ შენიშვნებს შეიტანენ, რის შემდეგაც ცვლილებებზე მსჯელობა პლენარულ სხდომებზე გადაინაცვლებს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, გადატანა-გადაზიდვა. ასევე, გაიზრდება სამართალდამცველების შესაძლებლობები და მათ დამცავი ორდერის გამოწერა ყველა ძალადობრივ დანაშაულზე შეეძლებათ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი მსხვერპლის დაცვის უკეთესი საკანონმდებლო სტანდარტების შემოღებას ისახავს მიზნად.

„ხდება ახალი შესაძლებლობების მიცემა სამართალდამცველებისთვის. დამცავი ორდერის გამოწერის შესაძლებლობა ექნებათ მეტ შემთხვევაში და ყველა იმ ტიპის დანაშაულის დროს, რომელიც ოჯახური ან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მუხლებზე და ზოგადად ძალადობრივ დანაშაულებზეა, რათა მსხვერპლის დაცვის უკეთესი საკანონმდებლო სტანდარტი გვქონდეს. ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობრივ დანაშაულებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის სხეულის დაზიანება, ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი. ამიტომ უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნაწილში სასჯელი მკაცრდება და იზრდება. ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან მძიმე დანაშაულში გადადის და შესაბამისად, პროპორციულად სხვა მუხლებში ეს სასჯელები იმატებს. ესეც არის იმ მიზნით, რომ გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, გადატანა, გადაზიდვა მომეტებული საფრთხის მატარებელი დანაშაულია. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებიც ამის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.