იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისთვის ემზადება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისთვის ემზადება. დეპუტატები სხდომაზე უკვე შეიკრიბნენ.
დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეების არჩევისას ქუჩაში ყიჟინა და კივილ-წივილი კი არ უნდა იყოს, საზოგადოებას მოსამართლეების იმედი უნდა ჰქონდეს.
„მმართველმა პარტიამ ვერ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ადამიანები იყვნენ წარსული? ეს ადამიანები სწორედ იმ წლების პერიოდში მსახურობდნენ. „ქართული ოცნება“ რომელი წარსულის ძალადობას ემიჯნება? პროტესტის გამოსახატად დუმილი არ არის საჭირო, სწორედ ამიტომ ვარ აქ და არცერთ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ბესელიამ.
უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას თქმით, სასამართლოს საქმიანობა არ უნდა შეფერხდეს.
„არიან, ვისაც მხარს არ დავუჭერ. არიან, ვისაც მხარს დავუჭერ. ვერ დავხატავთ ვინც იდეალური არ არის, მაგრამ სასამართლოს მუშაობა არ უნდა შევაფერხოთ“, – აღნიშნა ქანთარიამ.
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სამი-ოთხი კანდიდატი უნდა აირჩიოს, რათა სასამართლომ მუშაობა არ შეაფერხოს.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა დღეს გაიმართება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი.