იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორივე კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურების მოსმენა დასრულდა.
კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
ემზარ გაგნიძე 2021 წლის აგვისტოდან დღემდე მუშაობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილედ, ხოლო კარლო კაციტაძე კი, 2019 წლიდან დღემდე – საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.
საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ექვსი წლის ვადით ირჩევს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.